English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘
ხსოვნა ნათელი

პროფესორი ნოდარ ხადური

 ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობების საუკეთესო   პერიოდში - 49  ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაკროეკონომიკის   კათედრის ხელმძღვანელი, ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესის“   სარედაქციო კოლეგიის წევრი, საქართველოს კონკურენციის   სააგენტოს თავმჯდომარე, პროფესორი ნოდარ ხადური.

 ნოდარ ხადური დაიბადა 1970 წლის 29 აგვისტოს, ქალაქ   თბილისში. 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი;  1999 წელს -   საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პაატა   გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ასპირანტურა.  

 2002 წელს - აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას ხელმძღვანელობით,   დაიცვა სამეცნიერო ხარისხი თემაზე - "მაკროეკონომიკური   პოლიტიკის ფორმირების თავისებურებანი პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პირობებში (საქართველოს მაგალითზე)".

პროფესორი ნოდარ ხადური წლების განმავლობაში ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. 1999 წლიდან კი იგი  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელია; 2004-2005 წწ.  იყო ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, 2006 წელს აირჩეულ იქნა თსუ-ს პროფესორად და მაკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელად. ამავდროულად ეკონომიკის საბაკალავრო, სამაგისტრო და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელიც იყო. ამ ფრიად საპასუხისმგებლო და  საპატიო მისიას იგი ასრულებდა სიცოცხლის ბოლომდე და მთელი ამ ხნის განმავლობაში  სტუდენტებისა და კოლეგების უდიდესი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.

ძალზე მრავალმხრივია პროფესორ ნოდარ ხადურის მოღვაწეობა სახელმწიფო თუ სამეურნეო სტრუქტურებში: 1996 -1997 წწ. იყო საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თანაშემწე; 1997-1998 წწ.  საქართველოს ფინანსთა მინისტრის მრჩეველი, აპარატის უფროსი, შიდა ქართლის სამხარეო-საფინანსო ადმინისტრაციის უფროსი; 1999-2000 წწ. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის აპარატის უფროსი; 2003-2004 წწ. საქართველოს პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის აპარატის უფროსი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე და საპარლამენტო მდივანი; 2004-2008 წწ. წლებში ნოდარ ხადური იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეროვნული კონსულტანტი.

2011 წლიდან პროფესორი ნოდარ ხადური პარტია - "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრია, ხოლო 2013 წლიდან აირჩიეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრად; 2012 წელს იგი არჩეული იქნა საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრად. 2012-2016 წლებში ნოდარ ხადური იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრი; 2016 წლიდან გარდაცვალებამდე კი -საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე. 

პროფესორი ნოდარ ხადური 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომლებიც გამოქვეყნებულია როგორც საქართველოში, ასევე აშშ-ში, უნგრეთში, ბულგარეთში, შვედეთში, რუსეთის ფედერაციასა და აზერბაიჯანში. მისი ხელმძღვანელობით და რედაქტორობით თსუ-ს მაკროეკონომიკის კათედრის მიერ მომზადდა, ითარგმნა და გამოიცა მრავალი ნაშრომი.

პროფ. ნოდარ ხადური იყო მუდამ სიახლეთა მაძიებელი, სიმართლისა და საქვეყნო საქმეებისათვის უკომპრომისო და აქტიური მებრძოლი, თანამშრომელთა და კოლეგების მიმართ მეტად გულისხმიერი, ლიდერის ყველა თვისებით დაჯილდოებული პიროვნება.

პროფესორ ნოდარ ხადურის გარდაცვალება მძიმე დანაკლისია როგორც მთელი ქართული საზოგადოების, ასევე მეცნიერ თუ პრაქტიკოს ეკონომისტთა მრავალრიცხოვანი არმიისათვის, მისი აღზრდილი სტუდენტებისათვის, კოლეგებისა და ახლობლებისათვის. გვჯერა, რომ მის მიერ წამოწყებული ქვეყნისათვის სასიკეთო ბევრი საქმე განხორციელდება, ხოლო მისი სახელი დავიწყებას არ მიეცემა და  მისი დიდი საქმეები შემდგომშიც გააგრძელებს სიცოცხლეს ქართული მეცნიერების საკეთილდღეოდ.

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

 

ბატონ ნოდარ ხადურის ოჯახის წევრებს და ახლობლებს ...

დიდია ჩვენი მწუხარება ბატონი ნოდარის გარდაცვალების გამო, დიდია ხალხის გულისტკივილიც. წავიდა ჩვენგან გამორჩეული პიროვნება, მრავალი განსაცდელის მოთმინებით ამტანი, თავმდაბალი და სიკეთით სავსე ადამიანი.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისთვის, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ ურყევი რწმენა მარადიული ცხოვრებისა და შინაგანი სიმტკიცე.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

ილია მეორე

სრულიად საქართველოს  კათოლიკოს - პატრიარქი

14 სექტემბერი, 2019 წელი